ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა. მისი მიზანია ფრინველებზე დაკვირვების პოპულარიზაცია, ეკოტურიზმის განვითარება და აჭარის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენა. რეგიონი მსოფლიოში მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანია, სადაც ყოველ შემოდგომაზე ასობით ათასი, ხოლო მრავალ სეზონზე მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. ფრინველთა ასეთ მასობრივ გადაადგილებას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი და კლიმატური პირობები განაპირობებს. ეს ბუნებრივი მოვლენა აჭარაში ყოველწლიურად იზიდავს ორნითოლოგებს, ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებსა და ბუნებით დაინტერესებულ ვიზიტორებს.
ფრინველებზე დაკვირვებისთვის განსაკუთრებით გამორჩეულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები სახალვაშო და შუამთა (ჩაისუბანი), სადაც მოწყობილია მტაცებელი ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების სპეციალური პლატფორმები. აქ საერთაშორისო ორგანიზაცია Batumi Raptor Count (BRC) ყოველ შემოდგომაზე ახორციელებს გადამფრენი მტაცებელი ფრინველების აღრიცხვასა და მონიტორინგს. გარდა ამ ადგილებისა, ფრინველებზე დაკვირვების მრავალფეროვან შესაძლებლობებს გთავაზობთ მტირალას ეროვნული პარკი, ჭოროხის დელტა, ისპანის ტორფნარი და აჭარის სხვა ბუნებრივი ტერიტორიები.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ლექციებს, პრეზენტაციებს, შემეცნებით შეხვედრებსა და საველე ექსკურსიებს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გამოცდილ ორნითოლოგებთან ერთად დააკვირდნენ ფრინველთა მიგრაციას, გაეცნონ მათი კვლევისა და დაცვის საკითხებს და უშუალოდ ჩაერთონ ფრინველებზე დაკვირვების პროცესში.
ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი ეკოტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, რადგან ვიზიტორების მიღება დამატებით შესაძლებლობებს ქმნის საოჯახო სასტუმროებისთვის, ადგილობრივი გიდებისა და მცირე ბიზნესისთვის.